ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

ჯაზ ფესტივალი ბათუმში

07/07/2008

სულ ცოტა ხანში ბათუმში "კოკა-კოლა ბლექსი ჯაზის" ფესტივალი დაიწყება. წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან: მარკუს მილერი, ტანია მარია და "ფრი ჰოულ ნეგრო".

ვინც წინდახედულება გამოიჩინა, მას კონცერტებზე დასასწრები ბილეთები უკვე ჯიბეში უდევს, სალაროს სარკმელში კი რამდენიმე დღეა აბრაა გამოკრული წარწერით Sold out. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოს სხვა ქალაქში დაგეგმილი ღონისძიების ბილეთები კონცერტებამდე ამდენი ხნით ადრე გაიყიდა (მსგავსი ანშლაგით მხოლოდ თბილისის ჯაზ ფესტივალს შეუძლია დაიტრაბახოს). "შარშან, როდესაც ბათუმის ჯაზ ფესტივალი პირველად ჩავატარეთ, ბილეთების შეძენა კონცერტებამდეც შეიძლებოდა. წელს კი ფესტივალის პრესტიჟმაც მოიმატა, მსმენელიც დარწმუნდა, რომ მასში მონაწილე ვარსკვლავები არაფრით ჩამოუვარდებიან თბილისის ფესტივალების მონაწილეებს და ბილეთები წინასწარვე შეიძინეს", - აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორის, კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" ხელმძღვანელმა კახა კანდელაკმა.

ბათუმის ჯაზ ფესტივალი 22 ივლისს გაიხსნება და პირველივე დღეს მსმენელის წინაშე ორი "გრემის" მფლობელი, ჯაზისა და R&B-ს ვირტუოზი ბას გიტარისტი მარკუს მილერი და მისი ბენდი წარსდგებიან. მილერის მუსიკა ჯაზის მოყვარულთათვის ნამდვილი ჩაროზი იქნება, მით უმეტეს, რომ მის ჩამოსვლას ქართველი მსმენელი უკვე დიდი ხანია ელოდება. 23 ივლისს ფესტივალს კუბური ჯგუფი "ფრი ჰოულ ნეგრო" განაგრძობს.

ჯგუფის ეგზოტიკური ჟღერადობა და სამხრეთული ქარიზმა კი სწორედ ისაა, რაც ზღვის სანაპიროზე შეკრებილ აუდიტორიას სჭირდება. ფესტივალს 24 ივლისს ბრაზილიელი დივა ტანია მარია დახურავს. ეს მომღერლის მესამე ვიზიტია საქართველოში, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მისი თაყვანისმცემლების რაოდენობას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ტანია მარიას კონცერტი ფესტივალს მართლაც "დახურავს"!

"ისტერნ პრომოუშენისა" და საქართველოში ამერიკის საელჩოს გარდა ბათუმის ჯაზ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ბათუმის მერიასთან ერთად მთელი ამ ღონისძიების მთავარი ოფიციალური მასპინძელი იქნება.

ფესტივალის სტუმრებსა და მსმენელს ქობულეთის სასტუმროები "ჯორჯია პალას ჰოტელი" და "ჰოტელ ინტურისტ პალასი" უმასპინძლებენ, საფესტივალო კონცერტები კი "ბათუმი მიუზიქ ჰოლში" გაიმართება. როგორც კლუბის მენეჯერმა ქეთი აფციაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კლუბში ყველაფერი მზადაა ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრების მისაღებად და კონცერტების მაღალ დონზე ჩასატარებლად. "სპეციალურად ჯაზ ფესტივალისთვის კლუბი გადავაკეთეთ, მისი მოცულობა გაიზარდა და ახლა 2 ათას მსმენელს იტევს. შევცვალეთ სცენა, განათებისა და ხმის აპარატურა, რაშიც "ისტერნ პრომოუშენი" დაგვეხმარა. ასევე გადავაკეთეთ კულისებიც, რათა ფესტივალის მონაწილე ვარსკვლავებს იქ თავი გაცილებით კომფორტულად ეგრძნოთ. "ბათუმი მიუზიქ ჰოლი" 18 ივლისიდან გაიხსნება და ჯაზ ფესტივალის გარდა კიდევ უამრავ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს .

შარშანდელის მსგავსად წლევანდელი კონცერტების ბილეთების შეძენაც მიზერულ თანხებში შეიძლებოდა: მარკუს მილერი - 50 ლარი, ტანია მარია - 40 ლარი, "ფრი ჰოულ ნეგრო" - 20 ლარი. ეს კი მსმენელისთვის ნამდვილი ფუფუნებაა, ამ ფუფუნების "მიზეზი" კი ფესტივალის მძლავრი სპონსორების გუნდია. წელს გენერალური სპონსორი ტრადიციულად კომპანია "კოკა კოლაა", მუსიკოსებს წარმოადგენს თიბისი ბანკი, პარტნიორია კომპანია "მაგთი", ხოლო სპონსორები "თბილისის ფოლკსვაგენის ცენტრი" და სამშენებლო კომპანია "იბერია".

ასე, რომ ვინც დროულად იზრუნა მოსალოდნელ სიამოვნებაზე, მას 22 ივლისიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში "ისთერნ ფრომოუშენის" ხელშეწყობით ძალიან დიდი მუსიკალური ექსტაზი ელის.

 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
ალასკას კანონმდებლების მიერ  გამოქვეყნებულ დასკვნაში სარა პეილინმა დაარღვია ეთიკური კანონები

  სხვა ცნობები
ბაღდადის ერთ-ერთ ბაზრობაზე ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი  აფეთქდა.
ავღანეთში მომხდარი ორი შეტაკების შედეგად თალიბთა ასამდე მებრძოლი გაანადგურეს.
ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის გადასარჩენი გეგმის ირგვლივ სასაუბროდ იკრიბებიან.
ზიმბაბვეს პრეზიდენტი წამყვან თანამდებობებზე საკუთარი პარტიის წევრებს ნიშნავს
ერაყის ჰარკუკის რაიონში თურქმა სამხედროებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის 31 სამხედრო ობოიექტი დაბომბეს
ჩეჩნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიის სეპარატისტული მოძრაობის აჩეს დამაარსებელი ჰასან დი ტირო, სახლში დაბრუნდა
რუსეთმა ნაწილობრივ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები
მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ბანკირები ვაშინგტონში შეიკრიბნენ
ნატო დათანხმდა ამერიკელთა ინიციატივას რომ ამიერიდან ავღანეთში ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ შეიარაღებულ ძალას გამოიყენებენ
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატები  თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას
დღეს ყირგიზეთის დედაქლაქ ბიშკეკში  დამოუკიდებელ სახეალმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა შეხვედრა გაიმართა
ისლამაბადში ტერაქტს ჰქონდა ადგილი.
ერაყში მომხდარი ტერაქტის შედეგად ადგილობრივი კანონმდებელი დაიჭრა.
ავღანეთისა და კოალიციური ძალების მიერ 12 მემბოხე იქნა მოკლული.
ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას