4 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა თბილისის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი “პრომეთე”. წლევანდელი ფესტივალი მისი წინამორბედებისგან გამორჩეულია, წელს ფესტივალს ყველაზე მეტი საპატიო სტუმარი ეწვია, ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი პროგრამაა და ძალიან ბევრი სემინარი თუ მასტერ კლასი ტარდება. ფესტივალს ესწრება გამოჩენილი კინორეჟისორი, სცენარისტი და პრიდიუსერი ბობ რაფელსონი, მე მის ყველაზე გახმაურებულ ფილმს გაგახსენებთ “ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს”, სადაც მთავარ როლებს ჯეკ ნიკოლსონი და ჯესიკა ლანჟი მონაწილეობენ. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნაჩვენები იყო, ბობ რაფელსონის რამდენიმე მხატვრული ფილმი და ასევე მან ქართველი კინემატოგრაფისტებისათვის ჩაატარა ლექცია, სემინარი სახელწოდებით “რეჟისორის აღსარება”. რაფელსონი ფესტივალის გახსნასაც ესწრებოდა:
ბობ რაფელსონი - იმიტომ რომ ჰოლივუდის წარმოამდგენელი ვარ, ნუ მიყურებთ ისე, თითქოს რაღაც უცნაური ცხოველი ვარ. მე არ ვარ ჰოლივუდიდან, მე კოლორადოდან ვარ. 3 ათასი მეტრის მოშორებით ვცხოვრობ, თოვლი კისრამნდე იყო ჩემთან, ვიდრე აქ წამოვიდოდი და ალბათ მე ერთადერთი ვარ ამ დარბაზში, რომელიც აქ უფრო თბილად გრძნობს თავს, ვიდრე სახლში. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის ქართველი ხალხის სითბოს, სტუმარ-მასპინძლობის და სიკეთის გამო დ ამისათვის დიდ მადლობას მოგახსენებთ.
- ფესტივალი ფრანგი კინორეჟისორის, ბრუნო დიუმონის ფილმით გაიხსნა, სახელწოდებით “ფლანდრია”. ახალგაზრდა კინორეჟისორი, რომელიც არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე სტუმარი გახლდათ თბილისის ფესტივალზე. საკუთარი ჩვენების წინ, მანაც სიტყვით მიმართა მაყურებელს.
ბრუნო დიუმონი – ეს ჩემთვის დიდი პატივია და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს. დიდი პატივია რომ წარვადგენ ჩემს ფილმს გახსნაზე. ეს ალბათ თავისუფლების ნიშანია, რომელსაც ეს ფესტივალი ატარებს. რეჟისორები ფილმის წინ ჩვეულებისამებრ ბევრ სისულელეს ამობებენ ხოლმე. მე ვეცადე ეს ამბავი გადამეღო ყველაზე უკეთესი საშუალებებით და მომეხერხებინა, რომ ფილმს და კადრებს ერთობლივად, ბედნიერად ეცხოვრათ. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.
- ასე გახისნა ფესტივალი და უკვე 5 დღეა მიმდინარეობს. წელს არა მხოლოდ ფესტივალის პროგრამაა განსაკუთრებულად მრავალფეროვანი, არამედ მასზე დასწრებაც და ინტერესიც ფესტივალის მიმართ საგრძნობლად დიდია. თითქმის ყველა სეანსზე დარბაზი სავსეა და ერთადერთი უკმაყოფილება მაყურებელთა მხრიდან რაც ისმის, არის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ფილმია, შეუძლებელია მათი ერთად ნახვა, გამეორებით კი თითქმის არც ერთი მათგანი არ მეორდება. ამის ბრალი კი ის გახლავთ, რომ კერძო, კომერციული კინოთეატრი “რუსთველი” სამწუხაროდ მეტი დღით ვერ თმობს საკუთარ დარბაზებს, ქალაქს კი მუნიციპალური კინოთეატრი არ გააჩნია, სადაც წელიწადში ერთხელ ასეთი შემთხვევების დროს მაინც იქნებოდა შესაძლებელი ყველა კარგი, ევროპული კინო დაინტერესებულ მაყურებელს ენახა. ფესტივალის ორგანიზატორები იმდოვნებენ, რომ მომავალში ეს კონკრეტული პრობლემაც გამოსწორდება. დღეს საღამოს კი თბილისის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურება, ბრიტანელი კინორეჟისორის, კენ ლოუჩის ფილმით “ქარი ამოვარდება”. დღეს საღამოსვე გახდება ცნობილი, ვინ არის თბილისის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული.