სიუზან რაისმა, შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრსა და გერმანიას - ეგრედწოდებული „ხუთი პლუს ერთის“ ფორმატში - და ირანს შორის, რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო, აქცენტირებულია ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების შესაძლებლობის შეძენის თავიდან აცილებაზე. ელჩი რაისის თქმით, „ხუთი პლუს ერთის“ ფორმატით მოლაპარაკებების დროს ირანს მიეცა „საკმაოდ მარტივი არჩევანის“გაკეთების უფლება:
„ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით დაამტკიცოს, რომ მისი პროგრამა, როგორც ისინი ამტკიცებენ, მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და დათანხმდეს საკუთარი ობიექტების დათვალიერებაზე, გაყინოს ურანის გამდიდრების პროგრამა, და აიღოს პასუხისმგებლობა ბირთვული საწვავის ქვეყნის გარეთ გამდიდრებაზე. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ირანი ნამდვილ ზეწოლას იგემებს.“
ელჩმა რაისმა ირანთან თავდაპირველი მოლაპარაკებები „კონსტრუქციულ დასაწყისად“ შეაფასა. ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ ირანი დათანხმდა გაროს ინსპექტორების შემოსვლაზე ირანის ახლახან აღმოჩენილ ურანის გასამდიდრებელ ქარხანაზე, რომელიც ქალაქ ყუმთან მახლობლად მდებარეობს. როგორც ცნობილია ამ ობიექტის დათვალიერება გაეროს ინსეპქტორების მიერ 25 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ირანის დელეგაცია დათანხმდა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე „ხუთი პლუს ერთი“ ფორმატით, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაიმართოს.
ელჩმა რაისმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოლაპარაკება ირანთან უბრალოდ მოლაპარაკების წარმართვის მიზნით არ უნდა გაიმართოს. ირანის მთავრობამ უნდა „დამაჯერებლად უჩვენოს“ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ოპტიმალური შედეგი, ელჩი რაისის თქმით, იქნება „ირანი ბირთვული იარაღის გარეშე და ქვეყანა, რომელიც მშვიდობიანად ჩაერთვება საერთაშორისო თანამეგობრობაში.“ ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა:
„ირანმა უნდა დაამტკიცოს, რომ იგი არ უქმნის საფრთხეს მის მეზობლებს, რომ იგი აღარ უჭერს მხარს ტერორიზმს, რომ იგი პატივისცემით ეპყრობა საკუთარ ხალხს და დემოკრატიულ პროცესში მშვიდობიანი მონაწილეობის უფლებას აძლევს მათ.“
ელჩმა რაისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „ირანს და ირანული ხალხს, რომელსაც დიდებული ისტორია გააჩნია, აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა დაანახონ ყველას, რომ მათ შეუძლიათ კონსტრუქციული როლის შესრულება საერთაშორისო თანამეგობრობაში.“ „ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ირანი გახდება შეგნებული მოთამაშე,“ დასძინა რაისმა.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ