თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ევროკავშირის მაღალჩინოსანთა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და ევროკავშირი მზად არიან ითანამშრომლონ ავღანეთის ახალ ადმინისტრაციასთან, რათა ავღანეთში დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები და საფუძველი ჩაეყაროს ადამიანის უფლებების დავცას. ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მისი პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ პირველი პრეს-კონფერენცია ჩაატარა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა ამოიძირკვოს მთავრობაში კორუფცია. ამ ფონზე დასავლელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ კარზაიმ შეიძლება სამთავრობო პოსტებზე დანიშნოს ის ხალხი, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენების გაყალბების ორგანიზატორები იყვნენ და რომლებმაც როგორც გაეროს წარმომადგენლები ამტკიცებენ კარზაის სასარგებლოდ ერთ მილიონზე მეტი ბიულეტენი გააყალბეს.