ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ მრავალი კითხვა წარმოშვა. ავღანეთის სამხრეთის პროვინცია უზრუზგანში ჰოლანდიის 2000 კაციანი სამხედრო კონტინგენტი 2006 წლიდან მსახურობს. ჰოლანდიელები ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 86 ათასიანი არმიის შემადგენლობაში შედიან. ანალიტიკოსთა თქმით ავღანეთში ალიანსს სამი მიზნის მიღწევა სურს.
პირველი ეს ავღანეთის მთავრობის დახმარებაა ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებისათვის. მეორე - ავღანეთის არმიის და პოლიციური ძალების გაწვრთნაა. ხოლო მესამე და უმნიშვნელოვანესი კი სამხრეთ ავღანეთში გამაგრებული ამბოხებული თალიბების დამარცხებაა.
2000-დან 1500 ჰოლანდიელი სამხედრო ბრიტანელებთან და ამერიკელებთან ერთად სწორედ ამბოხებული თალიბების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობენ. 500 ჰოლანდიელი კი სამოქალაქო ინფრასტუქტურის აღდგენაში და ავღანური უსაფრთხოების ძალების გაწვრთნაში მონაწილეობს.
თუმცა, აგვისტოდან ჰოლანდიელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდებიან. ამის მიზეზი კი ნიდერლანდების მთავრობაში მომხდარი განხეთქილებაა. კოალიციის უმსხვილესმა წევრმა - ლეიბორისტულმა პარტიამ მთავრობა დატოვა.
ლეიბორისტები ჰოლანდიის ავღანურ კამპანიაში ყოფნის გაგრძელებას ეწინააღმდეგებოდნენ. შესაბამისად მთავრობა დაიშალა და სამხედროების ავღანეთში ყოფნის ვადის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
22 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ჰოლანდიის ამ ნაბიჯს საგანგაშოდ არ აფასებს.
„მე ამას ჰოლანდიის შიდა საქმედ განვიხილავ და არ ვაპირებ მათ ისედაც გართულებულ შიდა საქმეებში ჩარევას. მე არ ვფიქრობ, რომ ნიდერლანდების ამ ნაბიჯს რაიმე გავლენა ექნება სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე“
აღნიშნა რასმუსენმა.
თუმცა, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრის ჩარლზ კუპჩანის თქმით, ჰოლანდიის ეს გადაწყვეტილება ცუდ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ნატოს სარდლობამ ჰელმენდის პროვინციაში თალიბების წინააღმდეგ უმსხვილესი ოპერაცია წამოიწყო.
„დრო ძალიან ცუდად დაემთხვა. ამ პერიოდში პრეზიდენტი ობამა უფრო მეტი ევროპელი მოკავშირის ჩართვას ცდილობდა ავღანეთის კამპანიაში. მან შეერთებული შტატებიდან დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი ჩართო ავღანურ კამპანიაში, ხოლო ევროპიდან დაახლოებით 10 ათასი სამხედრო ჩაერთო. ეს კი ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომელსაც შეუძლია ქვეყნების მიერ კოალიციის რიგრიგობით დატოვება გამოიწვიოს.ასევე დგება საკითხი, თუ ვინ გადაიბარებს ჰოლანდიის ჯარების ფუნქციას ამბოხებულებთან ბრძოლაში.“
განაცხადა კუპჩანმა
ასევე ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ რომელსაც ურუზგანის პროვინციაში 1500 ჯარისკაცი ყავს, მეამბოხეებთან ბრძოლაში წამყვანი როლის შესრულებაზე უარი განაცხადა. ბევრი ანალიტიკოსი თვლის,რომ მას შემდეგ რაც ნიდერლანდები ჯარების გაყვანას დაიწყებს, ამ პროცესს დომინოს პრინციპის სახე მიეცემა. ამ მოსაზრებას ავითარებს ოჰაიოს უნივერსიტეტის ანალიტიკოსი შონ კეი.
„თუ თქვენ ნატოს ოფიციალურ პირებს მოუსმენთ, მათი აპსუხია რომ ეს ასე არ მოხდება. მაგრამ უნდ აგვაიტავლსიწნოთ, რომ სამხედრო მონაწიელბაზე გადაწყვეტიებს დედაქლაქებში იღებენ. და ამ გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკოსები, რომლებსაც აღებული აქვთ პასუხისმგებლობა და მათი გადაწყვეტილება საზოგადოებრივ აზრზე უნდა აისახოს. ხოლო საზოგადოებრივი აზრი ევროპაში და გარკვეულწილად კანადაშიც კი ამ მისიასთან დაკავშირებით უარყოფითი ხდება. “
აცხადებს შონ კეი.
როგორც ცნობილია კანადა თავის 3 ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტის გაყვანას ავღანეთიდან 2011 წელს დაიწყებს. მართალია, ანალიტიკოსები არ ფიქრობენ, რომ ავღანეთიდან ევროპელთა ჯარების გაყვანა ძალიან სწრაფად მოხდება, მაგრამ მათი აზრით, ევროპული მთავრობები ნიდერლანდების მაგალითზე თავიანთი ნაბიჯების გადაფასებას დაიწყებენ.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ